ურჯულოს აღსარება
შენ მე მიმატოვე...
წუთში წამი გაჩერდა
წუთში წამი გაჩერდა,
საათში კი ისრები,
თითქოს ცხადად ვიხილე
მონაბერი ფიქრები....
ვნების ჯარი გავუშვი,
ოცნებებში ჩავერთე,
გამიტაცა ფიქრებმა,
ზმანებაში გავერთე:
ვხედავ სხვა მხრივ ქვეყანას,
ბოროტებას კეთილად,
კაენს ძმის მოყვარულად,
ნოინს ცოტნეს ვექილად...
შეცვლილია სამყარო,
შეცვლილია წარსული,
თითქოს "დაბადებიდან"
წამებია გასული...
ოცდაცამეტ წელში ვართ,
აღარავინ ბერდება,
ჯოჯოხეთში გაისმის
გულკეთილი ვედრება:
ნუ წამართმევთ იმედებს,
მომავლის რომ მჯეროდეს,
გული უცემს ბარაბას,
ცრემლი მოსდის ჰეროდეს...
ნუ წამართმევთ სიყვარულს,
ვფიცავ ვტოვო აროდეს,
ჩემი გული თუ არა,
ჩემი სული კმაროდეს...
აღარ ისმის ყვედრება,
ოცდაათი ვერცხლისა,
იუდას სულს გატანჯულს,
მოსვენება ეღირსა...
სახე გამთელებია, კუზმას,
შმიდტის მეკობრეს,
ცხვრებს ურიგებს ციკლოპი,
ოდისევსის მეგობრებს...
კუკარაჩა, მურტალო,
ინგას ერთად ელიან,
მტრობის ნაცვლად ვაჟკაცნი,
ნასვამები მღერიან...
აღარავინ ამცირებს
მილიონერ ფიროსმანს,
სვეტიცხოველს მადლობენ,
ორმკლავიან დიდოსტატს...
თავს არ იკლავს არავინ,
ბაჩო ლექსებს მიყვება,
მერი ცოლად სხვის ნაცვლად
გალაკტიონს მიჰყვება...
ყველა ხარობს, ზეიმობს,
სიკეთეა ყოველგან,
ყველა ცოდვილს შეუნდეს
ბრძანა ყოვლის მპყრობელმან...
ზოგჯერ ქისას კეთილი,
გლახაკისთვის გაიღებს,
მაგრამ ქარის მოტანილს
ისევ ქარი წაიღებს...
ზმანებები წავიდა,
ისევ ქარმა წაიღო,
ბედი უკან გაბრუნდა,
ჩვენზე ხელი აიღო...
გინდა შენი სამყარო
მთლად შიშველი განახო???
მაშინ თვალი გააღე,
ცრემლი? არ დამანახო!!!
აი, შენი ქვეყანა,
ჯიბრის ბნელი ტურია,
კაენს შურით დაბოღმილს,
ძმის სისხლი რომ სწყურია...
ხო! ბნელია სამყარო,
სისხლიანი წარსული,
ქრისტეს დაბადებიდან,
საუკუნე გასული...
მე? 19 წლისა ვარ,
ყველა უცებ ბერდება,
ჯოჯოხეთში გაისმის
ტანჯვა, ოხვრა, ვედრება:
რად წამართვით იმედი?
ახლა რისი მჯეროდეს?
ჯვარს არ აცვეს ბარაბა,
ჩვილებს ხოცავს ჰეროდე...
განიბნია ვერცხლები,
ქრისტე ღალატს მიუხვდა,
თოკზე პირქუშ ღამეში,
ჩამოიხრჩვა იუდა...
კუზმას, შმიდტის კაპიტანს,
სახე ურჩხულს მიუგავს,
ციკლოპს სისხლი სწადია,
კარზე ლოდი მიუდგამს...
კუკარაჩა მოუკლავთ,
ყაჩაღების ფენიდან,
მისი სისხლიც დალიეს,
გადახსნილი ვენიდან...
ვინღა იცნობს უბედურს,
აბრის მხატველ ფიროსმანს,
კარგის აგებისათვის,
მკლავი მოსჭრეს დიდოსტატს...
გალაკტიონს ბაძავენ,
ეს სენია ქართული,
მერის სადღა სცალია
ქორწილშია გართული...
აჰა თქვენი სამყარო!
აჰა თქვენი ცოდვები!
ეცით ერთურთს დაგლიჯეთ,
მე კი კარგად, გშორდებით...
კაცნი ძმას არ დაინდობთ,
ყველას ცოლებს გა"ფლირტ"ავთ
ვერ გაიყოფთ ხომ ვიცი
დედამიწას დაფლითავთ...
ზოგი კარგი ტიპია,
ზოგი ცუდი ტიპია,
ზოგს ბევრი ჰყავს ქალები,
ზოგს კი კარგი პიპია...
მე გისურვებთ წასვლამდე,
ყველას კარგი მოეგოს,
ყველა "პროპკა" არ არის,
ყველა ბოთლს რომ მოერგოს...
და თუ ჩემთან წამოხვალთ
გაიმზადეთ წიგნები,
პლანეტაზე თუ არა
ორბიტაზე ვიქნები!
წყარო: http://genia.ge/news/temur_shengelaia_ts_39_utshi_ts_39_ami_gacherda/2012-04-12-2510
მესაფლავე
მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა…
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური…
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? -
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება…
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, -
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, -
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა…
ასე იცის თანაგრძნობამ… შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება…
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ…
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა – ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული…
გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული…
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა… გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია – არა არა…
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ – აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს…
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ… წამიყვანე, სადაცა გსურს“…
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა…
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა… ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს…
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო…
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო…
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი…
რაღად უნდათ, რად სჭირიათ
თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა…
ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება…
ზარსა სცემენ… იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე…
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება -
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა… როგორც ხდება…
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!
(გალაკტიონ ტაბიძე)
წყარო: http://www.buki.ge/library-7584.html
დედა
შენ გაუძელი ამდენ ტკივილებს,
დახარე თავი ყველა ცოდვაზე.
მინდა ბოდიში რომ მოგიხადო.
ბოდიში, მე ჩემს ყველა ბოდვაზე.
იტანდი ყველა შესამჩნევ ტყუილს,
იტანდი ზიზღით აღსავსე სიტყვებს.
როგორ არ მინდა ვიფიქრო ასე
ვერ გავექეცი შემზარავ ფიქრებს.
შენ მე მასწავლე ის სიყვარული
რომლითაც ახლა სხვა უნდა ვათბო
ვიცოცხლო მისთვის, ვისუნთქო მისებრ
და თუნდაც მისთვის სიცოცხლე დავთმო.
რამდენჯერ ცრემლით ბალიში სულ მთლად
დასველებული გქონია მალვით
მე ახლა ვნანობ, მე ახლა ვხვდები
შენს კალთას უნდა ვემთხვიო კრძალვით.
გინდოდა ჩემში ვარდების კრეფა.
ყველა იმედის ახდენა გსურდა
მაგრამ მე თვითონ ჩემს სულში ჩუმად
დასახლებული დემონი მძულდა.
გულგატეხილი აღსავსე დარდით
თვალებს გიწვავენ ცხელი ცრემლები
გინდა უსიტყვოდ გულში ჩამიკრა
მომხვიო შენი თბილი ხელები.
შენ ხომ ყველა დღეს ჩემით იწყებდი
ლოცვით ირჩენდი გულის იარებს
წუთისოფლისგან ფეხქვეშ თელილი
სწორ გზაზე ვინღა მომატრიალებს ?
დავკარგე ძალა, გამიქრა სითბო,
ვიცი, ჩაგიქრე ყველა ღიმილი.
ამ თვითმკვლელობით მე მოგაყენე
უკანასკნელი, მძიმე ტკივილი.
წყარო: leqsebi.com
* * *
ნურასოდეს ნუ აჰყვებით სხვის დამცინავ ხმას,
ნურავიზე ცუდს ნუ იტყვით, სხვამ რაც უნდა თქვას.
ნურასოდეს გაუცინებთ ბოროტსა და ავს,
ნურასოდეს ნუ დახუჭავთ სიცრუეზე თვალს.
ნურასოდეს მიატოვებთ მობარბაცე მთვრალს
და ნურავის დაამადლებთ გაკეთებულ კარგს,
ნურასოდეს მოატყუებთ ალალ-მართალ კაცს
და მცდარ გზაზე ნუ გაუშვებთ გზაარეულ ქალს.
ნურასოდეს ნუ მოახვევთ თქვენს სატკივარს სხვას,
ბოლო ლუკმა გაუწოდეთ გაჭირვებულ მგზავრს,
ნურასოდეს თქვენ ნუ იტყვით ხვალ თქვენსავე კარგს,
სხვამ რაც უნდა გააკეთოს, სხვამ რაც უნდა თქვას.
ნურასოდეს დაადგებით სხვის გაკვალულ გზას
და თქვენივე დიდებისთვის ნუ გაწირავთ მას,
ნურასოდეს შეგშურდებათ, ნურასოდეს რაც,
არც არასდროს გქონიათ და არც ინატროთ არც.
ნურასოდეს დაიშურებთ, თუკი რამე გაქვთ,
უმადურსაც ნურასოდეს ნუ გაიხდით მტრად,
ნურასოდეს გაიკვირვებთ თუ ეკლიან გზად,
არც მადლობას გეტყვიან და გაგწირავენ მთლად.
ცხოვრებაში ყველაფრისთვის უნდა იყოთ მზად,
უნდა შეძლოთ, სიყვარული მიმოფანტოთ გზად,
ვერასოდეს ვერ წაგაქცევთ გაჭირვება მთლად,
სანამ ქვეყნად, ძვირფასებო, ერთმანეთი გყავთ.
No comments:
Post a Comment